X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება

2 ივნისი 2022

,,წყალმომარაგების კუთხით 9 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომლის შედეგადაც 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტთან საუბრისას.

,,დღესაც 182 მდებარეობაში ხორციელდება პროექტები, 585 ათას ადამიანს მხოლოდ ამ მიმდინარე პროექტების ფარგლებში უკვე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. აქედან 200 ათასს არასდროს  ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება. არის მთელი რიგი სოფლები და დასახლებები სადაც კუსტარულად მოწყობილი ჭაბურღილებიც კი შრებოდა და უწევდათ მნიშვნელოვნად დაშორებული მდებარეობებიდან წყლის მომარაგება. ასეთია მაგალითად კუმისი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს  ივნისში უკვე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.  დედოფლისწყაროშიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, თელავში მაღალი ტემპით მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტზე მუშაობა. თელავის წყალმომარაგების პროექტის კვალდაკვალ ასევე ვითარდება წიწმატიანიდან  დამატებითი დებეტის, ანუ დამატებითი წყლის ოდენობის მიწოდების პროექტი, რომელიც თელავს უზრუნველყოფს სრულად და ამასთანავე ქმნის  შესაძლებლობას, რომ მიმდებარე სოფლებიც  გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი.

,,ძალიან საინტერესო პროექტია თეთრიწყაროში,  ასევე  მნიშვნელოვანია, რომ  ქალაქებისთვის-  სამტრედია, ვანი , ბაღდათი, ყაზბეგი-მიმდინარეობს პროექტირება და წელსვე  გამოცხადდება და დაიწყება სამუშაოები. დაბა სტეფანწმინდასაც დაურეგულირდება  ის გამოწვევები რაც აქვს. კონკრეტული გეგმები გვაქვს, რომელსაც მივყვებით და  2025 წლის ბოლოს  ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.